თეთრი და წითელი ხიდები ქუთაისში |
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 01:20 | |||
ჩვენს ქალაქში პოპულარულია იდეა, რომ თითქოს თეთრი ხიდის კონსტრუქცია საფრანგეთში, გუსტავ ეიფელის ქარხანაში დამზადდა. მაგრამ სინმადვილეში ეს პატივი წითელ ხიდს ხვდა წილად. ეს ხიდები დაახლოებით თანატოლები არიან და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან აერთებენ რიონის ორ ნაპირს ერთმანეთთან. მაგრამ თეთრი ხიდი მაინც განსაკუთრებით საყვარელია ქუთაისელებისთვის და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მწერალი, დრამატურგი, მხატვარი და რეჟისორი რეზო გაბრიაძეა, რომლის სცენარის მიხედვით არის გადაღებული ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“. სწორედ ამ სურათის ერთ-ერთ ეპიზოდში მთავარი მოქმედი გმირი აგული კი, თეთრი ხიდის მოაჯირზე ჩამომჯდარ ბიჭუნას პიკასოს ნახატებზე ასახულ ბიჭებს ადარებს, ეს უკანასკნელი კი ხიდიდან გადახტომისას აგულისა და მისი მეგობრის ქუდებსაც თან გაიყოლებს „ამპრედუზო მედუზოს“ ძახილით. 2004 წლიდან ე.წ. „პიკასოს ბიჭის“ ქანდაკება თეთრი ხიდის მოაჯირზე მოკალათდა და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად იქცა სამახსოვრო სურათების გადასაღებად.
|